top of page

ფრასუაზ დოლტო

(1908 - 1988).

დიდი ფრანგი პედიატრი, ფსიქიატრი, ფსიქოანალიტიკოსი.

images.jfif

ფრასუაზ დოლტო

საფრანგეთში ბავშვთა ფსიქოანალიზის ფუძემდებელი. საყოველთაოდ ცნობილი გახდა თავისი პირადი პრაქტიკით და საოცარი შედეგებით, აგრეთვე მრავალი ნაშრომით, კლინიკური ესეებით, სემინარებით და რადიოსაუბრებით.

 

მან 1937 წლიდან დაიწყო პრაქტიკული მოღვაწეობა. ფსიქოანალიზის მეთოდით ის მუშაობდა ჩვილებთან სამშობიაროებში და ჩვილ ბავშვთა სახლებში. ეს უცნაური ნოვაცია იყო იმდროინდელ პარიზში და დოლტოს ბევრი კრიტიკოსი და მოწინააღმდეგე გამოუჩნდა. თუმცა მიღებულმა შედეგებმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.

 

დოლტო თავისი საუბრებით კურნავდა სხვადასხვა ფსიქოსომატურ სიმპტომს ახალდაბადებულებთან: ალერგიებს, ასთმურ შეტევებს, ანურექსიას, აპათიას და სხვა მრავალს. იყო არაერთი შემთხვევა, როცა მან განწირული ბავშვი გამოიყვანა მდგომარეობიდან. ამ შედეგებმა სამეცნიერო და პროფესიული წრეები აალაპარაკა და დოლტო საოცრად პოპულარული გახდა.

 

ფრანგებმა მას “ჯადოქარი” შეარქვეს. ბავშვთა ფსიქო-ფიზიკური სიჯანსაღე, სოციალურ ცხოვრებასთან მათი ადაპტაცია იყო ფრანსუაზ დოლტოს შესწავლის და ზრუნვის საგანი. ბავშვის ფსიქიკის ღრმა ცოდნასთან ერთად მას საოცარი ინტუიცია ჰქონდა.

 

ის თითქოს “გრძნობდა” ბავშვს და ყოველთვის მის ინტერესებს იცავდა. დოლტო თვლიდა, რომ ბავშვი მუცლადყოფნიდანვე სოციალური არსებაა და მას თავიდანვე გასაგებად უნდა ვესაუბროთ, თავიდანვე უნდა ვაღიაროთ მისი, როგორც პიროვნების სურვილები და ინტერესები.

 

წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს ბავშვის ტრამვირება, რაც გავლენას ახდენს მის შემდგომ განვითარებაზე და შეიძლება უმძიმესი შედეგიც კი მივიღოთ. დოლტოს ბევრი მოსაზრება უკვე ექსპერიმენტულადაც დადასტურდა.

 

1979 წელს დოლტომ პირველი მწვანე სახლი გახსნა პარიზში. დღესდღეობით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 300-ზე მეტი მწვანე სახლია.

 

ფრ.დოლტოს ნაშრომებია: “ფსიქოანალიზი და პედიატრია”, “ფსიქოანალიტიკური საშიშროებანი”, “მთავარია მეტყველება”, “ბავშვების შესახებ”, “მარტოობა”, “პატარა ქვეყანას მოევლინა” და მრავალი სხვა.

bottom of page