ევას მშობლებმა მეზობლისგან გაიგეს ჩვენს შესახებ. ევა 11 თვის იყო. როცა პირველად მოვიდა, ჩემმა კოლეგამ მიიღო (ჩვენ მონაცვლეობით ვხვდებით მოსულებს. ეს ჩვენი პრინციპია). ჩემი კოლეგამ თქვა: „პატარები ყოველთვის საყვარლები არიან. მაგრამ... ღმერთო ჩემო, ასეთი მახინჯი ბავშვი, ღმერთო ჩემო!“ ამ სიტყვებმა თავზარი დამცა. ჩემი კოლეგა კარგი ფსიქოანალიტიკოსია, გამოცდილი და ასეთი სიტყვები?.. მსგავსი რამ მისგან არასდროს მსმენია.
ორშაბათს ჩემი რიგი იყო. მე მივიღე ევა და დედამისი. შემოსვლისთანავე ევას უცნაურობამ სახტად დამტოვა. მისმა გარეგნობამ მიმაბრუნა და თითქოს მისი შეხედვა აღარ მომინდა. ის იყო რაღაცნაირად ბუნდოვანი, ისე შემკრთალი, როგორც ალყაში მოქცეული ნადირი. უღიმღამო თვალები და პაწაწკინტელა, გაძვალტყავებული სახე ჰქონდა. უზომოდ გამხდარი, უზომოდ მკრთალი კანით, მოუხეშავი, უშნო მოძრაობებით. 11 თვისა უკვე დადიოდა, მართალია, არეული ნაბიჯები ჰქონდა, მაგრამ მაინც დადიოდა. ხის მარიონეტს ჰგავდა. ბავშვმა გამაოცა. „ნამდვილად ფსიქოტიკია, მაგრამ ხომ შეიძლებოდა ცოტა უფრო მიმზიდველი ყოფილიყო!“–გავიფიქრე. დედამისი კი სრული ანტიპოდი: ლამაზი, ქერა, დახვეწილი, მოვლილი. შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ევა ნაშვილებია, მაგრამ ასე არ იყო. დედა სევდიანი, მონოტორული და დაბალი ხმით ყვებოდა ევას ამბებს. ის ექვსთვიანი დაიბადა. ექიმები ამბობდნენ, რომ პროგნოზს ვერ გააკეთებენ, სანამ ბავშვი 2 წლის არ გახდება. „მეშინია, რომ ნორმალური არ იქნება“ – დაამატა დედამ. ამ სიტყვებს პერიფრაზი გავუკეთე და ევას ვუთხარი: „როცა დაიბადე, ძალიან პატარა იყავი. დედას ეშინია, მას უნდა, რომ ჯანმრთელი გაიზარდო“ . ევა არ მიყურებდა. დედა აღელდა. გაუკვირდა, რომ ბავშვს მივმართე. ევამ აიხირა და არ მიყურებდა. მასთან სწრაფად მიახლოება არ იყო მიზანშეწონილი., მე გვერდიდან უნდა მეყურებინა მისთვის. არ შეიძლებოდა პირდაპირ სახეში ჩახედვა... ჯობდა გვერდიდან... უკნიდან... ვცდილობდი ხმით მომეჩვია ევა.
დედამისი წყლის აუზთან დაჯდა. „ ბოლოს რომ ვიყავით, ევა სხვა დედასთან ერთად თამაშობდა წყალში. ძალიან უყვარს წყალში თამაში“– თქვა დედამ. ის ყველაფერს წუწავდა, ხელებს იქნევდა, წყალს სახეზე ისხავდა. მე კომენტარს ვაკეთებდი: „–შენ გიყვარს წყლის შეგრძნება, ეს არის წყალი, რომელიც მოედინება. შენ მას გრძნობ კანით, შენი სხეულით, სინჯავ შენი ენით“. ევას უნდოდა, ჯამით აეღო წყალი და ხელებზე დაესხა. მე ისევ ვურთავდი კომენტარებს: „ეს არის სითხე. ეს კიდევ ჯამი. შეგიძლია წყალი ჯამიდან გადმოღვარო“. ვცდილობდი, გამომეყენებინა ყველაფერი, რაც მას მოეწონებოდა. არ ვფიქრობდი იმაზე, მისმენდა თუ არა. მე ამას იმიტომ ვაკეთებდი, რომ ევას თამაშს ჩემი ხმა ხლებოდა. ეს რიტმულად უნდა ყოფილიყო. მე სახელს ვარქმევდი წყალს, პირს, კანს, ხელს... ხმას რიტმი აქვს. სიტყვები არის სახელდებისთვის, სიმბოლოების ახსნისთვის, რომელიც თან ერთვოდა ევას სიამოვნებას.
დედები საუბრობენ საკუთარ შვილებზე. გვიყვებიან, როგორ იცვლებიან მათი შვილები, როგორ იწყებენ ურთიერთობას. ევას დედაც ასეთი იყო, ის ყვებოდა, რა ხდებოდა მისი შვილის თავს.
ჩვენ კი ვთამაშობდით. აქ იყო 2 წლის ჟოზეფი, აუზის მეორე მხარეს იჯდა და გემით ერთობოდა. მე ჯოზეფს ვუთხარი: ! „– ჟოზეფ, გემი შენსკენ მოდის“, მერე ხელი ვკარი იხვს და ევას მივუგდე: „–იხვი გიახლოვდება, უნდა რომ მოგესალმოს“, იხვი წყალში ჩავძირე და ამოვაყურყუმელავე „–ოჰ, ჭიტააა ევა, გამარჯობა ევა“. ევას გაეცინა, წყალი ააჭყაპუნა და ჟოზეფი გაწუწა. ევას დედამ გააპროტესტა: „–გეყოფა ევა“, მე დედას მხარი ავუბი, „არა, ნუ აჭყაპუნებ წყალს!“. ევას პატარა დოქი მივეცი და წყალში დინების გაკეთება დავიწყეთ. მერე ჟოზეფთან ერთად იხვი ვაბანავე. ევას მივუახლოვდი, მან კი იხვი თავში ჩაირტყა. ასე ვითამაშეთ დიდხანს.
პატარებისთვის აუცილებელია, რომ დიდები ესაუბრონ. ხშირად დედები შვილებს ისე უვლიან, რომ არ ელაპარაკებიან. არც ჩვენთან მოყვანისას ელაპარაკებიან. არ უხსნიან შვილებს, სად მიჰყავთ. მე ხშირად მიფიქრია იმ ორი თუ ორწლინახევრის ბავშვებზე, რომლებსაც დედები არ ელაპარაკებიან. მათ სიამოვნების მისაღებად მხოლოდ საკუთარი სხეული რჩებათ, რადგან არავინ ელაპარაკება. ვითომ რატომ არ ვანიჭებთ სიტყვებს მნიშვნელოვან როლს? რატომ ვერ ხვდებიან მშობლები, რომ შვილებს უნდა ელაპარაკონ? ეს არის „ preoccupation maternelle primaire“, როგორც დ. ვინიკოტი უწოდებს. ის ამტკიცებს, რომ ბავშვებს აქვთ უნარი გაიგონ მშობლების საუბარი.
შემდეგ კვირაში ევა და დედამისი რამდენჯერმე მოვიდნენ. დედა ევას დაბადებას იხსენებდა. მას ეუბნებოდნენ, რომ ევა ვერ გადარჩებოდა. სამი თვე დაჰყო ინკუბატორში. „მათ ევა წაიყვანეს“, – ამბობდა დედა. „ისე წაიყვანეს, არც დამინახავს. მე სახლში დავბრუნდი. მარტო ვიყავი. საკუთარ თავს ვუთხარი, ასე შეუძლებელია, იქ უნდა წავიდე. ის ჩემგან შორს იყო და ძალიან მეშინოდა. მერე რეგულარულად დავდიოდი ევას სანახავად.“
იმ დროს, როცა დედა ლაპარაკობდა, ევა თავს მისი სავარძლის ქვეშ აფარებდა და ყმუოდა, რამაც ჟულიეტის დედა დააფრთხო. მე ევას დედის გვერდზე ჩამოვჯექი, ევას მივმართე: „ევა, შენ გეშინია, სავარძლის ქვეშ იმალები. დედა ყვება, რომ ძალიან პატარა იყავი, როცა დაიბადე. შენი სახლში წაყვანა ჯერ არ შეიძლებოდა. ეს განცალკევება დედაშენისთვისაც საშინელება იყო. ვფიქრობ, საშიში გგონია, რომ ძალიან პატარა ბაია იყავი და დედაშენს შენი მოვლა არ შეეძლო.“ ევა ყმუილს აგრძელებდა. დედას კი ლამის ეტირა. დედას მივმართე: „– მადამ, თქვენს მკლავებში ევა თავს უკეთესად იგრძნობს.“ დედა სავარძლიდან ადგა და ევა აიყვანა. მე ვთქვი: „თქვენ იმიტომ გეშინიათ, რომ ევა პატარაა, მაგრამ ის ხომ ხომ გაიზრდება. “ „–ძალიან ძნელია, როცა მშობიარობის შემდეგ ბავშვი შენთან არაა“ – დაამატა ჟულიეტის დედამ. ევას დედა გვიყვებოდა, რამდენჯერ ყოფილა მარტო, მას არავინ ჰყავდა, რომ რჩევები ეკითხა. სახლში გაწერის შემდეგაც ცოლ–ქმარს სულ ეშინოდა.
დედის წინ ევა მობუზულიყო . მე ვთქვი: „–შენ ძალიან წყნარი ხარ ევა, მაგრამ პატარა გოგოები, რომლებიც დადიან, ბევრს მოძრაობენ, ეს სწავლას უწყობს ხელს. გოგონები ასე ახერხებენ გაძლიერებას. “
ევა და დედამისი ორი წლის განმავლობაში დადიოდნენ ჩვენთან. თავიდან ეს კვირაში 2–ჯერ ან 3–ჯერ ხდებოდა. მერე კი ვიზიტები რეგულარული გახდა. ევას პროგრესმა დედა გაახალისა. ჩვენც პროგრესს ევას გასაგონად ავღნიშნავდით. დედის სავარძელს ევა ისევ ხშირად აფარებდა თავს, მაგრამ აღარ ყმუოდა. ჩვენ ვეთამაშებოდით: „–ევა, სად ხარ? კუკუ, სად არის ევა? აღარ ჩანს? ააა, შენ დედის სავარძლის ქვეშ დაიმალე?“ ევა კიბის ქვეშაც იმალებოდა. ამ დროსაც იგივეს ვამბობდით: „– უი, ევა აღარ ჩანს, სადაა ევა?“ ის იღიმებოდა.
ეს თამაშები დამოუკიდებლობის სწავლისთვისაა. ევაც სწავლობდა თამაშს და ურთიერთობებს. ჩვენ გვჭირდებოდა „შეხების თამაშებიც“. ჩვენ გვაქვს სხვადასხვა მასალისგან დამზადებული ბილიკები: მწვანე ბალახი, ყვითელი ხალიჩა, ხმელი იატაკი, ქვიშის მაგვარი მასალა... სხვა ბავშვებთან ერთად ამ ბილიკზე ევაც ფეხშიშველი დდიოდა. მერე უკვე პირველი სიტყვებიც თქვა. ის ალაპარაკდა. წესების დარღვევაც სცადა. უნდოდა გაეღო გაზის ონკანი დერეფანში. როგორც კი შესაძლებლობა მიეცემოდა, გაზისკენ გარბოდა. ჩვენ ვეძახდით : „–არა, არა“. ის იღიმებოდა.
დედა თავის ბავშვობაზე გვიყვებოდა, რასაც ევაც უსმენდა. დედას ბავშვობა სოფელში გაუტარებია. მის ოჯახში 14 ბავშვი იყო. მუშაობა ძალიან ადრე დაუწყია. შემდეგ პარიზში ჩამოსულა სასწავლებლად. სულ მარტო იყო. ევას მამა სირიელია. სულ მუდამ თავის საქმეშია ჩაფლული. ძალიან გვიან გავიგეთ, რომ მამა მუსულმანი ყოფილა. ერთ დღეს მამაც მოვიდა. სანამ მოგვესალმებოდა გვითხრა: „–ევა ექვსთვიანია“. მისი გოგონა ახლა უკვე 2 წლისაა, მამა კი მაინც დაბნეულია მისი დაბადების პრობლემებით.
ერთ დღეს ერთ–ერთმა ჩვენგანმა ჰკითხა, რატომ დაარქვა შვილს ევა. დედამ პასუხი ვერ გასცა. ეს არის „ავა“ არამეულად და „ევა ფრანგულად. ბიბლიაშიც და ყურანშიც “ ევა პირველი ქალია დედამიწაზე. საინტერესოა, რომ ამ პერიოდში ჩვენთან ერთი ბავშვს გერმანელი ძიძა დაყვებოდა. ის გერმანულად ლაპარაკობდა. ევა მას ყოველთვის ყურადღებით უსმენდა. ევამ იცოდა, რომ მამამისიც სხვა ენაზე ლაპარაკობდა. მისი ეს ინტერესი დედას უკავშირდებოდა, რომელსაც ყოველთვის უნდოდა ქმრის ენის სწავლა.
დღეს ევა ოთხწლინახევრისაა. ის ძალიან ბედნიერი ბავშვია. სიამოვნებით დადის საბავშვო ბაღში. მასწავლებელი მის ნიჭიერებაზე ბევრს ლაპარაკობს.
ყველაზე რთული და მნიშვნელოვანი ეტაპი გავლილია. ცუდი იყო, რომ ჩვენ მხოლოდ ელემენტარული რაღაცეები ვიცოდით ევას ოჯახური ისტორიიდან. ჩვენთვის უცნობი დარჩა, რატომ დარჩა ევას დედა მშობიარობის პერიოდში მარტო, როცა მას მრავალრიცხოვანი ოჯახი ჰყავდა. რატომ გაჰყვა ცოლად სირიელს? ჩვენ არაფერი ვიცით, მაგრამ ახლახან ევას დედამ ფსიქოანალიტიკოსის მისამართი გამოგვართვა.
Comments