უამრავი წერილი თუ პოსტი იბეჭდება აუტიზმზე და ხშირად გვხვდება ფრაზა - აუტიზმის სრულად განკურნება შეუძლებელია!
ასე ითვლებოდა, როცა აუტიზმში მხოლოდ კანერის კლასიკური აუტიზმი იგულისხმებოდა და როცა 3 -4 წლიდან იწყებდნენ ბავშვთან მუშაობას.
მაგრამ დღეს ხომ აუტიზმის ცნება გაფართოებულია, აუტისტურმა სპექტრმა მოიცვა სხვა დარღვევებიც რომლებიც სხვადასხვა სიმძიმისაა და შეიძლება არსობრივადაც განსხვავდებოდეს კანერის აუტიზმისაგან; დღეს ბავშვები, რომლებსაც აუტისტური სპექტრის დიაგნოზი აქვთ, ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისაგან სიმძიმისა და პერსპექტივის თვალსაზრისით.
ეს აუცილებლად უნდა იცოდნენ მშობლებმა და ბავშვთან ურთიერთობისას იმედი, სიხარული, ენერგია, ხალისი არ დააკარგონ. სხვანაირად იმ შედეგს ვერ მივიღებთ, რაც გვინდა, რა თერაპიაზეც არ უნდა ვატაროთ ბავშვი.
შემთხვევა, რომელსაც აქ ავღწერთ, ნათლად აჩვენებს, რა შედეგი შეიძლება ჰქონდეს ფსიქოანალიტიკურ თერაპიას აუტისტი ბავშვისთვის. შეიძლება იფიქროთ - უჰ, ეს მსუბუქი შემთხვევაა, არ არის აუტიზმი. შეცდებით. ჩვენთან მოსვლამდე დედას უთხრეს, რომ ბავშვი ნორმალურად ვერასდროს განვითარდებოდა, ვერ ისწავლიდა ლაპარაკს, დამოუკიდებლობაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტი იყო. ჩვენ კანერის აუტიზმი მხოლოდ იმიტომ გამოვრიცხეთ, რომ ბავშვი თერაპიას მალევე წამოყვა, თერაპიის დაწყებამდე კი ამის განსაზღვრა შეუძლებელი იყო. დიახ, ეს იყო ბავშვი, რომლისთვისაც მწვანე სახლის ფსიქოთერაპიული მიდგომა წამალი აღმოჩნდა. დედაც და შვილიც კარგად მოერგნენ ამ თერაპიას. ჩვენც და დედაც დარწმუნებულები ვართ, რომ სხვა მიდგომის შემთხვევაში ეს შედეგი არ დადგებოდა. ზოგადად, უნივერსალური მეთოდი, მეთოდი-პანაცეა არც არსებობს, მთავარია, ის კონკრეტულ ბავშვს თუ დედას, კონკრეტულ შემთხვევას როგორ მოერგება.
4 წლის და 3 თვის ლუკა (სახელი შეცვლილია) დედამ აუტიზმის დიაგნოზით მოიყვანა. როცა ბავშვს პირველად შევხვდით, ვერც კი წარმოვიდგენდით, რომ ასეთი რესურსისა და შესაძლებლობის მატარებელი იყო. სევდიანი, ტანჯული სახე ჰქონდა, მზერა სივრცეში იკარგებოდა, არავის და არაფერს უყურებდა, არც ჩვენ, არც ბავშვებს, არც სათამაშოებს... ჯდებოდა ყველასგან მოშორებით, ხშირად გაუნძრევლად, ტანჯული გამომეტყველებით. მოძრაობაც თავისებური ჰქონდა, თითქოს წონასწორობას კარგად ვერ იცავდა. ჰქონდა აკვიატებული, სტერეოტიპული ქცევები, არ ლაპარაკობდა, მაგრამ ერთსა და იმავე აკვიატებულ ფრაზებს (მაგ., სამშენებლო კომპანია "აქსისი") ხანდახან ყვირილით, გაურკვევლად წამოიძახებდა ხოლმე. მხოლოდ დედა ხვდებოდა, რას ამბობდა. არ ასრულებდა არანაირ მითითებას, აწუხებდა უძილობა, სისტემატურად იღვიძებდა დილის 4 საათისთვის, 2-3 საათის განმავლობაში განუწყვეტლივ ტიროდა, ჭამდა ცუდად, ამოჩემებულ საჭმელს; არ იცვამდა ახალ ტანსაცმელს, ვერ იტანდა ცვლილებას, თუნდაც ნივთების გადაადგილებას და ა.შ. პერიოდულად გამოიხატებოდა აგრესია დედისადმი. მას ჰქონდა აუტიზმის ყველა ნიშანი, განვითარების მძიმე დარღვევა, სოციალური ინტერაქციის, კომუნიკაციის, ქცევითი, მენტალური დარღვევები, ასევე სტერეოტიპული ინტერესები და აქტივობები.
პირველი შეხვედრა ანამნეზით დავიწყეთ. ბიჭუნა იყო ახალგაზრდა მშობლების პირველი, სასურველი შვილი. ოჯახი ცხოვრობდა მამის მშობლებთან ერთად. ფეხმძიმობა იყო ნორმალური, დედას ამ პერიოდში არანაირი დაავადება არ გადაუტანია. მშობიარობა ფიზიოლოგიური, ბავშვი ჯანმრთელი დაიბადა. დედის თქმით, ის ორ წლამდე ნორმალურად ვითარდებოდა, დაახლოებით ორი წლიდან შეამჩნია, რომ ბავშვი ნელ-ნელა იცვლებოდა, ხდებოდა ჭირვეული, უკონტაქტო, ამცირებდა სიტყვათა მარაგს, აღარ ინტერესდებოდა სათამაშოებით, გარემოთი... ჰქონდა დისბაქტერიოზი, სხვა დაავადება არ გადაუტანია.
დავიწყეთ ფსიქოთერაპიული სეანსები. ბავშვი მუდმივად ურეაქციოდ იჯდა კუთხეში, თითქოს არაფერი ესმოდა, მაგრამ კითხვაზე, რომელიც ოჯახურ ურთიერთობებს ეხებოდა, წამოხტა, დედას პირზე ხელი ააფარა და წასასვლელად გაიწია. სიტყვებით დავამშვიდეთ, ვუთხარით, რომ მწვანე სახლში ყველაფერზე შეგვეძლო ლაპარაკი და ამით არაფერი ცუდი არ მოხდებოდა , რომ კარგი დედ-მამა, კარგი ბებია და ბაბუა ჰყავს, რომ ლუკა ყველას უყვარს და მისი ბრალი არ არის, თუ ხანდახან ერთმანეთში ვერ თანხმდებიან. ცოტა დამშვიდდა, ისევ დაჯდა და ისევ თითქოს არაფერი ესმოდა. წასვლისას კი ერთ-ერთ ჩვენგანს ზურგიდან ჩაეხუტა. ასე მიგვახვედრა, რომ სწორი გზით მივდიოდით და ეს საუბარი მისთვის მნიშვნელოვანი იყო. დედამ კი აღმოაჩინა, რომ ცდებოდა, როცა ეგონა, რომ ბავშვს სხვისი ლაპარაკის მოსმენის, გაგების უნარი და ინტერესი არ აქვს.
შემდეგ სეანსზე ლუკა უკვე საკუთარი სურვილით შემოვიდა ოთახში. სეანსებზე ჩვენ ველაპარაკებოდით დედასაც, ბავშვსაც და თან ვცდილობდით მის დაინტერესებას ურთიერთობებითა და თამაშით. ვცდილობდით დედა-შვილის ემოციურ მხარდაჭერას, ვცდილობდით დედისთვის ზოგადი კი არა, მისთვის გამოსაყენებელი, პრაქტიკული, კონკრეტული რჩევები მიგვეცა.
პარალელურად ბავშვი საჯარო ბაღში შეიყვანეს. რა თქმა უნდა, იქ ის განმარტოებით იჯდა ამოჩემებულ ადგილას, არავის ეკარებოდა, არ ჭამდა, ზოგჯერ ისველებდა კიდეც, მითითებებს არ ემორჩილებოდა, მაგრამ გულისხმიერი და მომთმენი მასწავლებლის წყალობით ბაღში პასიური ყოფნის შესაძლებლობა მიეცა. ბიჭუნა ბაღში მხოლოდ რამდენიმე საათს რჩებოდა, შემდეგ კი დედას მწვანე სახლში მოჰყავდა ყოველდღიურად. მალე მან კუბიკებით ციხე-სიმაგრის მსგავსი ოთხი კედლის აშენება დაიწყო, რომელშიც ერთ პატარა კუბიკს განათავსებდა და შემდეგ ხმამაღლა, ნერვიულად ყვიროდა: `გაათავისუფლეთ, უშველეთ, ვიღუპეში!.. ეს იყო პერიფრაზი - "ფიცხელ, მიშველე, ვიღუპები" ცნობილი მულტიპლიკაციური ფილმიდან. მივხვდით, რომ ბიჭუნა ამ ფრაზით შველას ითხოვდა. პასუხსაც იღებდა: "ნუ გეშინია, შენ არ დაიღუპები, აქ იმიტომ დადიხარ, რომ დაგეხმაროთ”. ეს პასუხი მას ამშვიდებდა. ეს იყო გამოკვეთილად აკვიატებული, სტერეოტიპული, მაგრამ დიდი პროგრესის მაჩვენებელი მოქმედება. პროგრესის იმიტომ, რომ უკვე კომუნიკაციის მცდელობა იყო, ის თავისი განცდის, თავისი შინაგანი ტანჯვის გადმოცემას ცდილობდა ამ სიტყვებით. ეს გაუგებარი და აკვიატებული სიტყვები იყო (ხშირად იმეორებდა, თუმცა თავდაპირველად მხოლოდ დედა ხვდებოდა, რას ამბობდა). ვცდილობდით, ეს მოქმედება თამაშად გვექცია, რაც დაახლოებით 5-6 თვეს გაგრძელდა. მდგომარეობის გაუმჯობესებასთან ერთად თამაშში ცვლილებები შეიმჩნეოდა. ნელ-ნელა მან ციხე-სიმაგრეს ფანჯარა და კარი გაუკეთა. სულ უფრო და უფრო ხშირად აღებდა ამ ფანჯარასა და კარს, უფრო და უფრო ხშირად გამოჰქონდა "ტყვე კუბიკი” ციხე-სიმაგრიდან. ეს ცვლილება მისი ფსიქიკური განვითარების ამსახველი იყო. როცა ლუკამ საერთოდ შეწყვიტა ეს თამაში და იმავე კუბიკებით ჩვეულებრივი, თავისი ასაკის შესაფერისი, თამაში დაიწყო, პროგრესი თვალსაჩინო, ცხადი გახდა.
მწვანე სახლში მოსული ბავშვების რაოდენობა იზრდებოდა. ბიჭუნას ეს არ მოსწონდა, არავის უყურებდა, ახლოს არავისთან მიდიოდა. ნელ-ნელა გაღიზიანებისა და ეჭვიანობის გამოხატვა დაიწყო. ეს ყველაფერი ძალზე ძნელი იყო სამართავად, მაგრამ ეს იყო მისი პროგრესი. ჩვენ მისი განვითარების სტადიებს მოთმინებით მივყვებოდით და ფრთხილად, მაგრამ დაჟინებით წინსვლისკენ ვუბიძგებდით.
ერთ დღეს მწვანე სახლს ორი სტუდენტი გოგონა ესტუმრა. ისინი ხალიჩაზე ისხდნენ და ბავშვებთან მხიარულად თამაშობდნენ. ლუკა მოშორებით იჯდა და შევამჩნიეთ, რომ უჩუმრად მათკენ აპარებდა თვალს. მოულოდნელად ბიჭუნა გამოიქცა, ერთ-ერთ მათგანს ფეხზე შემოასკუპდა და ამღერდა: "გოგოვ, ცოლად გამომყევი, შეგიკერავ ფაჩაჩებსა...”
ეს მისთვის გამბედავი ნაბიჯი კიდევ ახალი ნახტომის დასაწყისი აღმოჩნდა. წინსვლა ახლა უკვე ყოველდღიურად უფრო და უფრო თვალსაჩინო ხდებოდა. სიტყვათა მარაგი სწრაფად ივსებოდა, გაურკვეველი მეტყველება წარსულში დარჩა. მას უკვე შეეძლო აზრობრივად გამართული წინადადების აწყობა, მაგ., წითელი მანქანა მიდის... შეიცვალა სიარულის მანერა, გამომეტყველება, უკვე თვითონ ითხოვდა იმ თამაშს, რომელიც სპეციალურად მისთვის, თვალის კონტაქტის სავარჯიშოდ მოვიგონეთ; ითხოვდა ყურადღებას, შექებას...…თუმცა ზოგადი მდგომარეობა თვისობრივად იგივე რჩებოდა. პერიოდულად ძლიერდებოდა აკვიატებული ფრაზები, ქცევები, უძილობა, ჭირვეულობა და სხვ. მისი პერიოდული რეგრესი პირდაპირ კავშირში იყო კონფლიქტთან ან უსიამოვნო შემთხვევებთან საბავშვო ბაღში, ოჯახში თუ სხვაგან.
მუშაობიდან დაახლოებით 7 თვეში ლუკამ პირველად გაბედა და თქვა: "მე მინდა...” (მანამდე ის უკვე გველაპარაკებოდა, მაგრამ მხოლოდ მესამე პირში).
წინსვლა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა, თუმცა პერიოდულად ისევ მეორდებოდა აკვიატებული ფრაზები, ქცევები, უძილობა, ნერვიული რეაქციები...
ერთხელ ბიჭუნამ ყველა სათამაშო სათითაოდ ჩამოამწკრივა მაგიდაზე: თოჯინები, კუბიკები, მანქანები, ბურთები, დათუნიები...…ყველანი ვისხედით და ვუყურებდით... გრძელი მაგიდა გაავსო, დედას მიუბრუნდა და ჰკითხა:
- დედა, რა არის ფიქრი?
შეკითხვა მოულოდნელი იყო და სანამ პასუხს მიიღებდა, თვითონვე სწრაფად აურ-დაურია მაგიდაზე დამწკრივებული სათამაშოები, თითი მიუშვირა და გამოაცხადა:
- აი, ეს არის ფიქრი...
ასე განგვაცვიფრა კიდევ ერთხელ თავისი შინაგანი განცდების გამოხატვის მანერით. ქაოსი, რომელიც ბავშვმა მაგიდაზე შექმნა, ასახავდა მის ფსიქიკაში არსებულ ქაოსს. ის ჯერ კიდევ ვერ ერეოდა თავის გაუცნობიერებელ ლტოლვებს, გრძნობებს, შიშებს, მაგრამ მას ჩვენი სჯეროდა და ჩვენც მის წინსვლაში ეჭვიც არ გვეპარებოდა.
როცა ზაფხული დადგა და ბიჭუნას ავუხსენით, რომ არდადეგებზე მწვანე სახლი იკეტებოდა, მან მოიწყინა და იკითხა:
- აბა მე რა მეშველება?
ყველა მსგავს კითხვას ვპასუხობდით და მასაც სჯეროდა, რომ არ მივატოვებდით, ყოველთვის დაბრუნდებოდა ჩვენთან, როცა დასჭირდებოდა.
სექტემბერში საბავშვო ბაღი, სადაც დადიოდა, დაიხურა და ბაღის შეცვლამ მოუწია. დედის თქმით, ახალმა მასწავლებელმა მასთან კონტაქტი ვერ შეძლო. ლუკა მიტოვებულად გრძნობდა თავს და ამას ისევ სერიოზული რეგრესი მოჰყვა. ჩვენ კი ვაგრძელებდით მუშაობას, ყველა პრობლემას ვუანალიზებდით, ვუხსნიდით. სახლში დედა ეხმარებოდა, რომელმაც სწრაფად აუღო ალღო ჩვენს მიდგომას. პერიოდულად დედასთან ცალკე ვსაუბრობდით, რომ ბავშვის გამოჯანმრთელების რწმენა და მუშაობის სტიმული არ დაეკარგა...
ლუკამ ხატვაც დაიწყო. ეს მას შემდეგ მოხდა, როცა ერთხელ მამამ დაუხატა სახლები, მანქანები... ყველაფერი, რაც ლუკამ სთხოვა. მანამდე, მიუხედავად სწრაფი გონებრივი წინსვლისა, წვრილი მოტორიკა სრულიად განუვითარებელი ჰქონდა, თითქოს ფანქარს ხელში ვერც იჭერდა და უცებ, მამასთან ერთად, შექმნა თავისი პირველი ნახატი – დიდი მზე და სახლი... ამის შემდეგ მასთან მუშაობა ფანქრისა და ფურცლის გამოყენებითაც გახდა შესაძლებელი...
შემდეგ წელს, როცა ბიჭუნა 6 წლის გახდა, კერძო სკოლაში შევიდა, სადაც დაწყებით კლასებში საკმაოდ რთულ პროგრამას გადიოდნენ. სკოლაში წასვლაც ნერვულ დაძაბულობასთან, ძლიერ შფოთვასთან, არაადეკვატურ ქცევასთან იყო დაკავშირებული, მაგრამ ნელ-ნელა ყველაფერი გადაილახა. სკოლაში წასვლის შემდეგ ჩვენთან ის უკვე კვირაში ერთხელ, შაბათობით დადიოდა. შემდეგ უკვე შიგადაშიგ, როცა კრიზისული სიტუაციები ჰქონდა გადასალახი.... თვითონვე ითხოვდა მწვანე სახლში მოსვლას, როცა გრძნობდა, რომ დახმარება სჭირებოდა...
ლუკას შემთხვევა ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია იმისა, რომ მცირეწლოვან ბავშვებში, რაც არ უნდა მძიმედ მოგვეჩვენოს ბავშვის მდგომარეობა, პესიმისტური მოლოდინი ნაადრევია. სისტემატური და სიღრმისეული მუშაობით შესაძლებელია მდგომარეობის არათუ გაუმჯობესება, არამედ სრული ემოციური და მენტალური გამოჯანმრთელება. აღსანიშნავია ისიც, რომ ლუკას არ მიუღია არანაირი მედიკამენტი, არასდროს დაუცავს კვებითი დიეტა, არ გაუვლია სპეციალური სწავლების კურსი და, საერთოდ, მასთან ჩვენს გარდა არავის უმუშავია.
უკვე წლებია, აღარ გვინახავს. ახლა დიდი ბიჭია, სტუდენტი. სრულფასოვნად განვითარებული, დამოუკიდებელი, ინტერესიანი, ჰყავს მეგობრები, კარგად სწავლობს. აუტისტური ნიშნები სრულად გამქრალია.
Comments