top of page
Search

ნიკას შემთხვევა

2008 წლის სექტემბრის დასაწყისში საფრანგეთის საელჩომ ომის შედეგად დაკარგული ტერიტორიებიდან დევნილი მოსახლეობის დახმარება შემოგვთავაზა. ეს დიდი პატივი იყო ჩვენთვის. თუმცა ცოტათი ვღელავდით. ჩვენ ხომ ფრანგი ფსიქიატრის, პედიატრისა და ფსიქოანალიტიკოსის - ფრ. დოლტოს ფსიქოანალიზის მეთოდით ვმუშაობდით ძირითადად რთული ფსიქიკური პრობლემების მქონე ბავშვებთან. შევძლებდით კი ექსტრემალურ სიტუაციაში მყოფი ადამიანების დახმარებას?


დღეს ვფიქრობთ, რომ შევძელით. ჩვენმა პრაქტიკამ კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ როცა საქმე მცირეწლოვან ბავშვებთან გვაქვს, ანალიტიკური მუშაობა არ საჭიროებს ხანგძლივ პერიოდს. ბავშვის სერიოზული შემობრუნება ხანდახან საოცრად მალე, ერთი-ორი შეხვედრის შედეგადაც შეიძლება მივიღოთ. ამის დასტურად ერთი პატარა შემთხვევა მინდა წარმოგიდგინოთ.


ოქტომბერში, მწვანე სახლში ფსიქოლოგმა ნინო ნიშნიანიძემ აგვისტოს მოვლენებისგან დაზარალებული 4 წლის ბიჭუნა - ნიკა მოიყვანა. ის გორიდან იყო. ალბათ ყველას გახსოვთ, რომ მაშინ გორში ერთი ბომბი საბავშვო ბაღის მახლობლად ჩამოვარდა. ნიკა სწორედ ამ საბავშვო ბაღში დადიოდა და როცა ბომბი ჩამოვარდა, სხვა ბავშვებთან ერთად ისიც ბაღში იყო. შენობა შეზანზარდა, ფანჯრები ჩაიმსხვრა, ელექტროენერგია გაითიშა, დირექტორის მოთხოვნით მასწავლებელმა ბავშვები სარდაფში ჩაიყვანა. იქ ნიკა დაახლოებით ერთი საათი ელოდა დედის მოსვლას. მას არაფერი დაშავებია, მაგრამ რამდენიმე დღეში შეამჩნიეს, რომ ბიჭუნას ენის დაბმა დაეწყო. ოჯახი შეშფოთდა.


მათი შფოთი დღითიდღე ძლიერდებოდა, რადგან ნიკას ენის დაბმა უფრო და უფრო თვალსაჩინო ხდებოდა, ის ნელ-ნელა ამცირებდა ლაპარაკსაც: კითხვებზე სულ უფრო და უფრო მოკლედ პასუხობდა. ბავშვი მიიყვანეს ნევროპათოლოგთან, რომელმაც ბებიასა და დედის თქმით ბევრი წამალი დაუნიშნა ნიკას. ოჯახი კიდევ უფრო შეშფოთდა და ბიჭუნა თბილისში ჩამოიყვანეს. ის მიიყვანეს ფსიქოლოგ ნინო ნიშნიანიძესთან, რომელიც უკვე მუშაობდა დევნილებთან ბარნოვის 70-ში. ნინომ აუცილებელი პირველადი კონსულტაციების შემდეგ ნიკა ჩვენთან მოიყვანა.


მართლაც, ადვილი შესამჩნევი იყო, რომ ნიკა თავს არიდებდა ლაპარაკს. კითხვებზე პასუხობდა მოკლედ, მხოლოდ ჰოს ან არას. მას მოეწონა მწვანე სახლში მისთვის ახალი სათამაშოები, ითამაშა ბავშვებთან ერთად, მაგრამ ჩუმად, ულაპარაკოდ. შემდეგ ის მიუჯდა დედას ჩვენი საუბრის მოსასმენად. მოწყენილად და სევდიანად გამოიყურებოდა.


დედისა და ბებიას თქმით, ნიკა კარგად განვითარებული, მხიარული და აქტიური ბავშვი იყო ყოველთვის, მხოლოდ ამ ფაქტის შემდეგ შეიცვალა. ისინი ძალიან ნერვიულობდნენ და ეს მათ საუბარში იგრძნობოდა. ნიკას ვუთხარი, რომ ის რაც მოხდა, უკვე დამთავრდა და აღარ განმეორდებოდა. ომი აღარ იქნებოდა. ბიჭუნას არც შემოუხედავს. ის თავჩაქინდრული იჯდა. მივხვდი, რომ ეს სიტყვები მისთვის არაფერს ნიშნავდა, შეიძლება უკვე ბევრჯერ ჰქონდა მოსმენილი. ვესაუბრებოდი დედას, ბებიას, თან ბიჭუნას ქცევას ვაკვირდებოდი და გამალებით ვფიქრობდი. ის რომ მას ჯერ დაბომბვის, შემდეგ სიბნელეში ჯდომის შეეშინდა, ბუნებრივი იყო, მაგრამ ამის ცოდნა არ მაკმაყოფილებდა. მაინც რა მოხდა მასში იმ წუთას, იმ დროს და შემდეგ, სახლში რომ დაბრუნდა. ვცდილობდი თავი მის ადგილას დამეყენებინა. ვცდილობდი წარმომედგინა, ეს ფაქტი, ეს მოულოდნელი ელდა რა ფიქრებს აღუძრავდა, მისი გამოცდილების რომელ შინაარსებს უკავშირდებოდა. ბიჭუნამ ხატვაზე უარი გვითხრა, მისი თამაში ადეკვატური და ასაკის შესაფერისი იყო და არაფერს მიგვანიშნებდა. პირდაპირ დასმულ კითხვებს კი, რასაკვირველია, არ უპასუხებდა. არადა, ბევრი დრო არ იყო, ბავშვი დედასთან ერთად საღამოს გორში უნდა დაბრუნებულიყო, მათ თბილისში ღამის გასათევი არ ჰქონდათ.


ბიჭუნა თავჩაქინდრული იჯდა სკამზე, სევდიანი, დამნაშავესავით. ეს თვალში მომხვდა. ვცდილობდი არაფერი გამომპარვოდა. დედა, ნაზი სუსტი აგებულების ახალგაზრდა ქალი, აშკარად მორიდებითა და შეშინებით პასუხობდა დასმულ კითხვებს. ბებია (მამის დედა) კი ძლიერი ხასიათის, აქტიური, კონტაქტური და მოლაპარაკე ჩანდა. - აი ნამდვილი ქართველი ქალი, ოჯახის დედა, მისგან მეტს შევიტყობთ, - გავიფიქრე და არც შევმცდარვარ. ის ლაპარაკობდა თავის ოჯახზე, შვილებზე, მას სამი ვაჟი ჰყავდა და სამივე სამხედრო. სამივე იბრძოდა აგვისტოს ომში. საბედნიეროდ, სამივე შვილი დაბრუნდა შინ. ქალი ამაყობდა თავისი ვაჟებით, ეს აშკარა იყო. მან მათი სურათებიც გვაჩვენა, მობილური ტელეფონით გადაღებული. სურათებზე ისინი სამხედრო ფორმებით იყვნენ, სურათები აგვისტოს ომის კადრებს ასახავდა. გვაჩვენა ნიკას მამის სურათიც, დაჭრილ მეგობართან ერთად. ნიკას მამას ის ბრძოლის ველიდან გამოუყვანია და გადაურჩენია. მე გამაოცა ამ ქალის ვაჟკაცურმა ტონმა, ის ამაყად ყვებოდა ყველაფერს ამას და შიშის და ნერვიულობის კვალი არ ეტყობოდა. - ალბათ როგორ შეგეშინდათ, ინერვიულეთ, სამივე შვილი ომში რომ წავიდა, -- ვუთხარი მე. - შიში რას მიშველიდა, შიშის დროს სად იყო, ომი იყო და უნდა წასულიყვნენ, აბა რა უნდა ექნათ- ცოცხლად, ამაყად მიპასუხა მან.


ნიკა ყველაფერ ამას უსმენდა და თითქოს უფრო და უფრო პატარავდებოდა, უფრო და უფრო დაბლა ხრიდა თავს, დედამისიც ძალიან უსუსურად გამოიყურებოდა. ბებიას გამბედაობა კი მაოცებდა, ის ცოცხლად, ხატოვნად ყვებოდა ომის საშინელ ეპიზოდებს. რაღაცას მივხვდი. ნიკას მივუბრუნდი და ვუთხარი; -ნიკა, ეს რა საშიში რაღაც გადაგიტანია, ალბათ რა ძალიან შეგეშინდა, შენს ადგილას რომ ვყოფილიყავი, ალბათ შიშისაგან მოვკვდებოდი.


ნიკა მისმენდა და ხმას არ იღებდა.


-იცი, ვაგრძელებდი მე, ომში ბევრი კაცი წავიდა და არ შეეშინდა, მაგრამ შენს ადგილას ყველას შეეშინდებოდა, შენს მამასაც, შენს ბიძებსაც, ეგ უფრო საშიში იყო....


-მამას არ შეეშინდებოდა = მკვირცხლად მიპასუხა ნიკამ.


პასუხი ძალიან მოულოდნელი იყო. დედაც, ბებიაც ნიკას მიაჩერდნენ. მივხვდი, რომ სწორ გზაზე ვიდექი.


-როგორ არა - გავაგრძელე. - შენ გგონია, რადგან შეგეშინდა, ცუდი მშიშარა ბიჭი ხარ. გგონია, რომ სუსტი ქალივით მოიქეცი და მამასავით ყოჩაღი და მამაცი ვერასდროს გაიზრდები ხომ? გგონია, რომ შენს მამას და ბიძებს შენი უნდა რცხვენოდეთ, არადა, პირიქით, შენ ჯერ 4 წლის ხარ და უკვე ბომბის ჩამოგდება ნახე. 4 წლისები ომში არ მიჰყავთ. შენი მამაც 4 წლის რომ იყო, ბომბის აფეთქებისა და სიკვდილის ძალიან ეშინოდა, ჰკითხე შენ თვითონ, თუ ჩემი არ გჯერა. ბომბის ყველას ეშინია, ყველაზე დიდ გმირებსაც კი, ოღონდ ისინი გაიზარდნენ და იციან, შიში როგორ უნდა დაძლიონ. უბრალოდ, შენ ჯერ არ ხარ მთლად დიდი და ამის სწავლა ჯერ ვერ მოასწარი. ცოტა კიდევ გაიზრდები, ისწავლი და აღარც შენ შეგეშინდება, აი ნახავ.


ბიჭუნა უკვე თავაწეული, გამალებით უსმენდა ჩემს სიტყვებს. სახეზე ემჩნეოდა რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო მისთვის. დედა და ბებიაც მისმენდნენ და მათაც აუღეს ალღო ამ ყველაფერს. ჩემი ნათქვამი მათაც დაუდასტურეს.


-მოუყევით ნიკას, როგორი იყო მამა პატარაობაში, -მივუბრუნდი ბებიას. - გაიხსენეთ და მოუყევით ის ყველაფერი, რისიც მას ბავშვობაში ეშინოდა, უთხარით, რომ ის ყოველთვის გმირი არ იყო. მამაც ელაპარაკოს, მანაც გაიხსენოს თავისი ბავშვობის განცდები. ნიკა მშიშარა არ არის, პირიქით, გულადი და ყოჩაღი ბიჭია და განსაცდელს ვაჟკაცურად გაუძლო...


-ჩვენ კი ვეუბნებოდით,- შე, მშიშარა, რისი შეგეშინდა, ვაჟკაცი არა ხარო, მამაც ასე ეუბნებოდა. ახლა მივხვდი. ყველაფერს ისე გავაკეთებთ, როგორც საჭიროა, აღელვებით ამბობდა ბებია. ბიჭუნა კი თითქოს მძიმე ტვირთისგან განთავისუფლებული ჩანდა.

ბებიას და დედას კიდევ მივეცით საჭირო რჩევები. ისინი წავიდნენ და მე ნიკა მეტი აღარც მინახავს.


სამაგიეროდ ხშირად ვნახულობდი ბებიას, რომელიც ბარნოვის 70-ში, დევნილთა იმ თავშესაფარში ცხოვრობდა, სადაც შემდეგ ჩვენ, მწვანე სახლის ფსიქოლოგებიც დავდიოდით. ის ყოველ შეხვედრაზე მადლობას მიხდიდა და ნიკას ამბებს მიყვებოდა, რომელმაც ჩვენთან შეხვედრის შემდეგ ნელ-ნელა მოუმატა საუბარს და ბოლოს უკვე გამართულად ლაპარაკობდა.



7 views0 comments

Comments


bottom of page