ეს თემა ყოველთვის მტკივნეული და მნიშვნელოვანი იყო მათთვის, ვინც თავიანთი შვილების ბიოლოგიური მშობლები არ არიან, თუმცა მასზე საჯაროდ ლაპარაკს თითქმის ვერ ბედავენ.
ერთ-ერთი პირველი, ვინც ამაზე ბავშვებთან საუბარი გაბედა, ფრანსუაზ დოლტო იყო (პედიატრი, ბავშვთა ფსიქიატრი, ფსიქოანალიტიკოსი, 1908-1988). ის წერდა, რომ ბავშვობიდან ახსოვდა პირველი მსოფლიო ომის შედეგად დაობლებული თუ უკიდურეს სიღატაკეში მცხოვრები ბავშვები, შემდეგ მეორე მსოფლიო ომი იყო და გაშვილებისა და შვილად აყვანის ფაქტებმაც იმრავლა...
კლინიკურ გამოცდილებაზე დაყრდნობით დოლტო ამბობდა, რომ როცა ვიშვილებთ, თუნდაც ჩვილს, მასთან უკვე შეიძლება ამ თემაზე ლაპარაკი, რადგან არაცნობიერად, გრძნობით დონეზე მან მაინც იცის სიმართლე, რომელსაც ვერბალიზება, სიტყვებით გამოთქმა სჭირდება, რომ ტაბუდადებულმა რეალობამ, გამოუთქმელმა გრძნობებმა უარყოფითი კვალი არ დატოვოს ბავშვის ფსიქიკაზე. უფრო სწორად, დამალვა უბრალოდ არც არასოდეს არის საჭირო, მშობლებს თავისუფლად თავიდანვე შეუძლიათ ამაზე ლაპარაკი. შვილის ყოლის სურვილი, შვილად აყვანა სასირცხვილო კი არა, საამაყო ფაქტია, რომელიც პატივისცემას ბავშვისგანაც იმსახურებს.
ბავშვი კი დაბადებიდანვე ადამიანია, პიროვნებაა, რომელსაც სურვილიც აქვს და უფლებაც, იცოდეს სიმართლე. ბავშვსაც უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ იამაყოს მშობლებით, რომლებმაც ბევრი წინააღმდეგობის გადალახვის შემდეგ სწორედ ის, ერთადერთი აირჩიეს შვილად. აქვს უფლება ბიოლოგიურ მშობლების შესახებაც იცოდეს ის, რაც აინტერესებს და თუ შემდეგ უკვე კითხვებს დასვამს, მარტივად და გასაგებად, დადანაშაულებისა და სიძულვილის გარეშე შეიძლება მათი ისტორიის მოყოლაც.შეიძლება ვუთხრათ, რომ დედას, ვინც გაგაჩინა, უნდოდა, რომ შვილი ჰყოლოდა, იმიტომაც გაგაჩინა, მაგრამ ამისა და ამის გამო ვეღარ შეძლო შენი გაზრდა და ახლა ჩვენ გზრდით...
დოლტოს აღწერილი აქვს ერთი საოცარი, თითქმის დაუჯერებელი შემთხვევა: მასთან ფსიქოთერაპიისთვის მიიყვანეს 9 წლის ბიჭი, შიზოფრენიის დიაგნოზით. ერთ-ერთ სეანსზე ბავშვმა მოულოდნელად ქალების ხმებით დაიწყო ლაპარაკი. ერთი ხმა სულ ახალგაზრდა ქალისა იყო, რომელიც ტირილით ამბობდა, რომ არ უნდოდა ახალშობილის გაშვილება,უნდოდა თვითონ გაეზარდა თავისი შვილი, მეორე კი მკაცრი ტონით ბავშვის გაშვილებას აიძულებდა. გაირკვა, რომ ეს ბავშვი ნაშვილები ყოფილა, რასაც საგულდაგულოდ უმალავდნენ და დიალოგი, რომელიც სეანსზე გაახმოვანა, ნამდვილად გაიმართა სამშობიაროში, როცა მისი 15 წლის ბიოლოგიური დედა საკუთარ დედას ევედრებოდა, რომ ბავშვის დატოვების უფლება მიეცა, მაგრამ ამაოდ. ამ ბავშვის ფსიქიკური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, როცა ყველამ ღიად შეძლო წლების წინ მომხდარ ფაქტზე ღიად და მშვიდად საუბარი.
თუ მშობლები ბავშვს აყვანის ფაქტს თავიდან დაუმალავენ, შემდეგ ძალიან გაუჭირდებათ ამის თქმა. როდის უნდა დადგეს ეს "მერე", რომელიც შესაბამისი იქნება სათქმელად? გარდამავალი ასაკი? როცა ბავშვი ყველაზე მოწყვლადია და ისედაც ბუნებრივად მშობლების გადაფასებას ახდენს? როცა სრულწლოვანი გახდება? და მანამდე რომ უხეშად და ცუდი ფორმით სხვისგან რომ გაიგოს? როგრც წესი, სხვისგან გაგების შემთხვევაში არა მარტო ის ხდება ძნელად გადასატანი, რომ ბიოლოგიურმა დედამ მიატოვა, ისიც, რომ გამზრდელი დედა და მამა აქამდე ატყუებდნენ და სიმართლეს უმალავდნენ.
და კიდევ, როცა მშობლები რაღაცას მალავენ, დანაშაულის გრძნობაც იჩენს თავს ამის გამო და შიშიც, რომ საიდუმლო არ გამჟღავნდეს და ხშირად ეს ბავშვთან ურთიერთობაში დაშვებული შეცდომების მიზეზი ხდება. რაც მეტი დრო გადის, ამ მცდარი ურთიერთობების შეცვლის შანსიც სულ უფრო და უფრო მცირდება. იმ შემთხვევაში, თუ მათ ძალიან უჭირთ დროისა და საჭირო სიტყვების გამონახვა ბავშვისთვის სიმართლის სათქმელად, მაშინ ნამდვილად შეუძლიათ ამისთვის ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი დაიხმარონ, რომ თვითონაც შვება იგრძნონ და შვილებსაც გარემოსთან ადაპტირების უკეთესი შესაძლებლობა ჰქონდეთ.
Comentarios